გადაადგილების, ანუ ტრანზიტულობის ყოველი პროცესი სამი ფაზით ხასიათდება: 1. გამოცალკევება, გამოყოფა, ანუ სეპარაცია; 2. მარგინალობა, ანუ ლიმინალობა; 3. გაერთიანება, ანუ ინკორპორაცია. პირველი ფაზა გულისხმობს კონკრეტული ინდივიდის იზოლირებას ფიქსირებული სოციალური ან კულტურული სტრუქტურისაგან. პირველ ფაზაში პიროვნება უნდა მოწყდეს რეალურ დრო-სივრცულ გარემოს; მეორე ფაზა გამოხატავს ინდივიდის ამბივალენტურ მდგომარეობას, მის გადანაცვლებას შუალედურ ზონაში; მესამე, ინკორპორაციის ფინალური ფაზა, შეესატყვისება ინიციანტის (ინდივიდის) კვლავ დაბრუნებას საზოგადოებაში, მხოლოდ განახლებული სოციალური სტატუსით, ანუ ინდივიდის ,,რეაგრეგაციას”. ამ ფაზათაგან განსაკუთრებით საინტერესოა მეორე, ანუ ლიმინალური ფაზა, რომლის წიაღშიც ინდივიდი იძენს სოციალური გარემოს სრული გაბუნდოვანების გამოცდილებას და ემიჯნება რეალობას. ტერმინი ,,ლიმინალური” ლათინურიდან მომდინარეობს (ლიმინ) და ნიშნავს ზღურბლს, მიჯნას, ორ განსხვავებულ ადგილს შორის მოთავსებულ გასასვლელ დერეფანს. ვან გენეპის თეორიაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლიმინალური ფაზა, რომელიც ასრულებს ზღურბლის ფუნქციას და ერთმანეთისგან მიჯნავს ცხოვრების განსხვავებულ ეტაპებს. ვიქტორ თერნერი ლიმინალურ ფაზას უწოდებს ,,არც აქეთ, არც იქით კონდიციას”. თერნერი, საერთოდ, ანთროპოლოლგიურ თეორიას ლიტერატურასთან მიმართებაში იყენებს და თვლის, რომ თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ ლიმინალური ფაზა. თერნერი მიუთითებს, რომ იმისთვის, რომ ადამიანმა გაიაროს არსებული ფაზა(ლიმინალური), ალტერნატივა უნდა იყოს ღირებული, სხვაგვარად ამას ჰქვია პოზიტიური ალტერნატივა [ტერნერი1984:]. გენეპი ლიმინალობის ნათელსაყოფად იყენებს სიკვდილ-სიცოცხლის სტატუსს. ინდივიდმა, რომელიც გამოეყოფა პრელიმინალურ ფაზას, ლიმინალური ფაზის გავლით უნდა მიაღწიოს პოსტლიმინალურ, ანუ ალტერნატიულ პოზიციას, სხვაგვარად პროცესი არ არის ღირებული. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რამდენად ესადაგება ლიმინალური თეორია „კავკასიური ნოველების“ მთავარი იდეის გააზრებას. ტექსტებზე დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ ლიმინალურ თეორიაში მოცემული მთლიანობის სამი ფაზა სავსებით ესადაგება პერსონაჟთა ქცევას. რეალობასთან დიქოტომიური დამოკიდებულება, არსებობის საზრისის ძიება პერსონაჟების შემეცნებაში აჩენს გამიჯვნისა და გადანაცვლების სურვილს. ლიმინალური მყოფობა გრ. რობაქიძესთან გაიაზრება, როგორც ღმერთის დანაწევრებული არსის გამთლიანება ჯერ ინდივიდის, შემდეგ კი მთელი სოციუმის შეგნებაში.
Do'stlaringiz bilan baham: |