მეორე ნოველაში ,,ენგადი“ მთავარი მოქმედი პირი, გიორგი ვალუევი, ნახევრად ქართველია, მაშასადამე, მასში გენეტიკურად უკვე ჩადებულია ერთიან მთელში საკუთრივ მესა და მასთან გაერთიანებული უცხოს ერთარსებობა. პიროვნების ასეთი თვისება ორმაგ დატვირთვას სძენს მის სურვილს, გაეცნოს ხევსურებს, მისივე სიტყვით ,,უსაიდუმლოეს ტომს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ კავკასიის ტომთა შორის“ [რობაქიძე 1994:]. მთავარი პერსონაჟი აქაც გამოეყოფა თავის ჯგუფს, რათა უკეთ შეიცნოს ხევსურული სული, მაგრამ ეს ერთი ხელის მოსმით, ანუ ერთი ქმედებით ვერ მოხდება. მან უნდა მოახერხოს გაიაროს ერთგვარი პრელიმინალური დერეფანი და ფიზიკური სიახლოვიდან შეძლოს სულიერად შეაღწიოს ტომის ერთიანობაში. ხახმატის დღესასწაულზე პერსონაჟი ხვდება, რომ ის შინაგანად ვერ გახდა ზიარი, დარჩა მხოლოდ მაყურებელი. შეიგრძნო, რომ ,,ტომი იყო ერთიანი, მასში გამქრალიყო ცალკეულობა, მონადიმენი ფიზიკური წევრები იყვნენ მხოლოდ ერთი უხილავი მთელისა“. ამ მთელში შესაღწევად საჭიროა ინიციაციის საფეხურების გავლა. გირგი ვალუევი ხევსურს ძმად გაეფიცება, ამით იწყება ტომში შეღწევა და მასთან გაერთიანება. ლიმინალური მყოფობა კი იწყება შედარებით გვიან, როცა ის ხევსურული წაწლობის მონაწილე ხდება. გმირი აანალიზებს სწორფრობის რიტუალს და ხვდება, რომ აქ არ არის მრუშობა. ეს რიტუალი ღმერთთან მიახლებისა და მისი შეგრძნების წმინდა გამოხატულებაა. მისი ფესვები უძველეს წარსულში იკარგება და აუცილებლად მოიაზრებს უცხოს არსებობას. პერსონაჟიც გრძნობს თავს უცხოდ, ამავე დროს კი ღვთიურ არსად. ხევსურ გოგონასთან განმარტოებით მთავარი მოქმედი პირის შემეცნება ლიმინალურ მყოფობას ერწყმის. ამ დროს ის საკრალურს ეხება. ეს არის უარსებითესი დეტალი, რითაც ორივე ნოველის მოქმედი პირები ლიმინალურს ღვთაებრივთან მიახლებით შეიგრძნობენ. ინკორპორაციული რიტუალი ,,უცხოს“ ტომის თანაზიარად აქცევს. ისიც ხდება იმ ერთიანისა და მთელის ერთი ნაწილი, რომელიც უკვე მარადიულობასა და უკვდავებას გრძნობს, რადგან ზღვრული მდგომარეობა დროისა და სივრცის კატეგორიებს უარყოფს. პერსონაჟსაც დაკარგული აქვს რეალური დროისა და სივრცის შეგრძნება. ხოლო, როცა ლიმინალური ფაზის დატოვების ჟამი დგება, გიორგი ვალუევს უჭირს დაუბრუნდეს ძველ მყოფობას. ის ტოვებს ხევსურეთს, ეს პოსტლიმინალური ფაზაა. პერსონაჟი მიჰყვება თავის გუნდს, მაგრამ მისი არსი რჩება ხევსურეთში. ქართული ფრაზეოლოგიზმი, ,,მომწყდა გული“, ზუსტად ასახავს მწერლის სათქმელს. თუ ადამიანის გული მითიურად დაგლეჯილი ღმერთის ნაწილია, მაშინ პერსონაჟს, რომელიც შეერწყა საკრალურს, გული მოსწყდება და ღმერთთანვე დარჩება. ვალუევი სულიერად რჩება იმ მთელში, რომელიც ნოველის დასაწყისისას მისთვის უცხო იყო და ასევე თავადაც უცხოდ რჩებოდა. ახლა კი ის თავისი ჯგუფის წევრებისათვის უცხოვდება. მას არ შეუძლია დარჩენა, მაგრამ წასვლაც უდიდესი ტანჯვის ტოლფასია.
ამრიგად, ნოველათა ანალიზისას ლიმინალურმა თეორიამ მოგვცა საშუალება შეგვეცნო გრიგოლ რობაქიძის დამოკიდებულება კავკასიური ფენომენის მიმართ. კავკასია წარმოდგა როგორც ერთიანი მთლიანი, რომელშიც გაერთიანებული სხვადასხვა და ერთი შეხედვით ერთმანეთისათვის უცხო
Do'stlaringiz bilan baham: |